უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს შეერთებული შტატების სენატს, მხარი დაუჭიროს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტს, რომლითაც გათვალისწინებულია სანქციების დაწესება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ.
"მადლობას ვუხდი სენატორებს, ჩაკ შუმერსა და ტედ კრუზს, რომ დათანხმდნენ კანონპროექტის კენჭისყრას, რომელიც გაზსადენის პროექტისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. უკრაინა სთხოვს თავის მეგობრებს აშშ-ის სენატში, მხარი დაუჭირონ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.
მანამდე, კანონპროექტის კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება, ძირს გამოუთხრის რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიან ფრონტს.
სენატში კანონპროექტის კენჭისყრა, რომლითაც "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაა მოთხოვნილი, მომავალ კვირაში გაიმართება. კანონპროექტის ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი.
სენატის დემოკრატი წევრები მიიჩნევენ, რომ ამ მომენტისთვის, გაზსადენის დამატებითი სანქცირება, შეასუსტებს პრეზიდენტ ბაიდენის პოზიციებს კრემლთან მიმდინარე მოლაპარაკებების გათვალისწინებით.
მათივე თქმით, აქტის მიღება პრეზიდენტს წაართმევს შესაძლებლობას, გამოიყენოს "ჩრდილოეთის ნაკადი 2", როგორც ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში.