მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია „ჰეროინის“ მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც შედეგად განაპირობა გულ-სისძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა ფატალური გამოსავალი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
„ჩატარებული კვლევის შედეგები და საერთოდ ამ ექსპერტიზის დასკვნის პროექტი სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ მე წარმომიდგინა 30 დეკემბრამდე 8-10 დღით ადრე. ამ დროის ინტერვალში, მე გავეცანი დეტალურად, შევისწავლე საექსპერტო დასკვნის პროექტი, ბუნებრივია, გარკვეულ მომენტებთან და საკითხებთან დაკავშირებით, რაც საჭიროებდა ვიწრო პროფილურ სპეციალურ ცოდნას, მივიღე გარკვეული კონსულტაციები ჩვენი ექსპერტიზის ცენტრის ორ კონსულტანტთან. შემდგომ უკვე გავაანალიზე და შევისწავლე ეს მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია „ჰეროინის“ მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაციაა, რამაც შედეგად განაპირობა გულ-სისძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა ფატალური გამოსავალი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების ფონზე ამ ტრავმის ნარჩენმა მოვლენებმა ხომ არ დაამძიმა, ან ხომ არ შეუწყო ხელი ფატალურ გამოსავალს – ცალსახად გამოვრიცხავ ამ სიტუაციას, თუნდაც იმ მხრივ, რომ მძიმე ტრავმას ადგილი არ ქონია. 30 დეკემბრამდე ერთი კვირის ინტერვალით შეთანხმებისამებრ დამიკავშირდა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების კოლეგა, ვისთან ერთადაც გამოვიკვლიეთ მიცვალებული. ხელმოუწერელი დასკვნის პროექტს გავეცანი და შევისწავლე. ჩავრთე და კონსულტაცია გავწიე „ვექტორის“ ექსპერტებთან. შესაბამისად, 30 დეკემბერს მოვაწერე ხელი ამ დასკვნას. 3 იანვარს სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებას მივმართე, სადაც მოვითხოვე სრული ასლის გადმოცემა. 4 იანვარს ავიღე ხელზე დასკვნა.
ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო. ვიდრე გამოძიება არ გამაომზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა, რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთის ტელეკომპანიისთვის. მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა. მე არც გამოძიების, არც „ტვ პირველის“, არც სამხარაულის, არამედ ჩემი მორალისა და პროფესიონალიზმის კანონიერი ინტერესებით ვმოქმედებდი“, – განაცხადა გეჯაძემ.