ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელ აგრესიაზე, ნატოს მზადყოფნასა და საქართველოსა და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე.
სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
"ვფიქრობ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ნატო-ს გაფართოება რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ უდიდესი სარგებელი მოუტანა ევროპაში დემოკრატიის, თავისუფლების გავრცელებისა და განმტკიცების პროცესს. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნატო-მ იძულებით ჩაითრია ქვეყნები ალიანსში. ეს იყო სუვერენული ქვეყნების გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ ალიანსის წევრობა და დემოკრატიული პროცესების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები. ამით ჩვენ დავეხმარეთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას მთელ ევროპაში. საქმე ეხება ევროპის ცალკეული ერების თავისუფალი და დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას. ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ახალ წევრებად მიღებით, ვაჩვენეთ, რომ ნატოს კარი ღია რჩება.
ჩვენ ერთულები ვართ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, როდესაც საქმე ეხება უკრაინასა და საქართეველოს. მხარს ვუჭერთ და დავეხმარებით მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ, გარკვეულწილად მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაკეთება, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რათა ისინი შეესაბამებოდნენ ნატო-ს სტანდარტებს, ამასთან, ეს გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოებები ნაკლებად მოწყვლადები იქნებიან რუსეთის ჩარევის მიმართა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.