შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, კაპიტოლიუმზე თავდასხმის პირველ წლისთავზე, კონგრესის შენობიდან ერს მიმართეს.
ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული მოვლენების მსგავსი აღარასდროს უნდა განმეორდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სიცრუის ქსელი გაავრცელა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი გახდა პირველი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც უარი თქვა არჩევნების შედეგებისა და ამერიკელი ხალხის ნების აღიარებაზე.
ბაიდენმა ტრამპს დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მისმა ცრუ ბრალდებებმა ხმების გაყალბების შესახებ შეიძლება შეარყიოს კანონის უზენაესობა და გავლენა მოახდინოს მომავალ არჩევნებზე.
"ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების შესახებ სიცრუის ქსელი შექმნა და გაავრცელა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალაუფლებას უფრო აფასებს, ვიდრე პრინციპებს. ის საკუთარ ინტერესებს უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ვიდრე ამერიკის ინტერესებს. მას არ შეუძლია აღიაროს, რომ წააგო", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
"ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ მათი გამარჯვების ერთადერთი გზა თქვენი ხმების ჩახშობა და ჩვენი არჩევნების ჩაშლა იყო", - დასძინა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის შინ და მის ფარგლებს გარეთ.
პრეზიდენტმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ადამიანები, რომლებიც გასული წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, ეცადნენ შეერყიათ და ძირი გამოეთხარათ აშშ-ის კონსტიტუციისთვის.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა სურს, რომ იყოს.
"ვიქნებით თუ არა ქვეყანა, რომელიც ძალადობას ნორმად აღიარებს? ვიქნებით თუ არა ქვეყანა, რომელიც საშუალებას მისცემს პოლიტიკოსებს უკუაგდონ ხალხის ლეგიტიმური ნება? ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს სიმართლის სხივების ქვეშ თუ ტყუილის ჩრდილში? ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ასეთი ქვეყანა", - თქვა მან.
ბაიდენის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი. მისი განცხადებით, დღეს ბაიდენმა მისი სახელი გამოიყენა, რათა კიდევ უფრო დაეყო ამერიკელი საზოგადოება.
შეგახსენებთ, 2020 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის არასდროს აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამის შემდეგ გამძვინვარებული ბრბო შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცედურა მიმდინარეობდა.
არეულობას იმ დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეს კი კაპიტოლიუმის პოლიციელი მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. ასობით პოლიციელი დაშავდა, ხოლო ოთხმა მომდევნო დღეებში თავი მოიკლა. კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით 720-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი სხვადასხვა დანაშაულში.
მოგვიანებით, კონგრესში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც იძიებს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეს.