კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქონებას ყადაღა დაადო. შესაბამისი გადაწყვეტილება 6 იანვარს, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
ამრიგად, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა ქონების დაყადაღების შესახებ.
პოროშენკოს ქონება, რომელსაც სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის ხელშეწყობას ედავებიან, მოიცავს კიევსა და ვინიცაში საცხოვრებელ სახლებს, კოზინის მამულს, მიწის ნაკვეთებს, ასევე რამდენიმე კერძო კომპანიის აქციებს.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ასევე მიმართავენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ადვოკატმა იგორ გოლოვანმა აღნიშნული საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევში 17 იანვარს დაბრუნდება და სასამართლოში გამოცხადდება, ასევე შეხვდება გენერალურ პროკურორსაც. მან უკრაინა 17 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისთვის ქვანახშირის მიწოდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს უწყების გადაცემა სცადეს.
პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს "ტერორიზმის დაფინანსების", "სახელმწიფო ღალატისა" და "ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის" მუხლებით.