დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ლონდონი რუსული გაზსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგია.
ტრასის თქმით, ევროპამ უნდა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება.
"ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. დიდი ბრიტანეთი კვლავ ეწინააღმდეგება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობას. ვმუშაობ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა ყველას შევახსენო ამ პროექტის სტრატეგიული რისკები", - თქვა ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისა და მისი მძიმე შედეგების შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, ლონდონი დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობს, რათა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის ფინანსური სექტორი მძლავრი სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს. ტრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას უმძიმესი შედეგები მოჰყვება, მათ შორის კოორდინირებული სანქციები, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რუსეთის ინტერესებსა და ეკონომიკას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს კიევს ეწვევა. მისი თქმით, სიტუაცია გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს გაერთიანება რუსეთის მუქარის შემცველი მოქმედებებთან დასაპირისპირებლად", - თქვა ტრასმა.