დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთი გაფრთხილებით გამოდის კრემლის მიმართ და აცხადებს, რომ ლონდონი დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობს, რათა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის ფინანსური სექტორი მძლავრი სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს.
რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისა და მისი მძიმე შედეგების შესახებ, Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თემთა პალატაში გამოსვლისას ისაუბრა.
"ვერ გავიზიარებთ იმ კამპანიას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს თავისი დემოკრატიული მეზობლებისთვის ძირის გამოსათხრელად. რუსეთი ამაოდ ცდილობს, რომ უკრაინა წარმოადგინოს როგორც საფრთხე, თავისი აგრესიული პოზიციის გასამართლებლად. აგრესორი აქ რუსეთია. ნატო კი ყოველთვის თავდაცვითი ალიანსი იყო", - თქვა ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას უმძიმესი შედეგები მოჰყვება, მათ შორის კოორდინირებული სანქციები, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რუსეთის ინტერესებსა და ეკონომიკას.
"ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს სანქციებზე, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთს ფინანსურ სექტორსა და კერძო პირებზე", - თქვა მინისტრმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს კიევს ეწვევა. მისი თქმით, სიტუაცია გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს გაერთიანება რუსეთის მუქარის შემცველი მოქმედებებთან დასაპირისპირებლად", - თქვა ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ ლონდონი მუდამ ეწინააღმდეგებოდა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობას.
"ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. დიდი ბრიტანეთი კვლავ ეწინააღმდეგება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობას. ვმუშაობ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა ყველას შევახსენო ამ პროექტის სტრატეგიული რისკები", - დასძინა ტრასმა.