ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის პოსტს. იუწყება გამოცემა Politico.
პრეზიდენტის პოსტზე შტაინმაიერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მმართველ კოალიციაში შემავალმა "მწვანეთა" პარტიამ.
"შტაინმაიერი შესანიშნავი და პატივსაცემი ფედერალური პრეზიდენტია, რომელმაც პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში დამსახურებული სამსახური გაუწია ქვეყანას", - ნათქვამია "მწვანეების" განცხადებაში. "დარწმუნებულები ვართ, რომ ის გააგრძელებს ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას და გაუძღვება ქვეყანას პანდემიიდან გამოსვლის რთულ გზაზე".
სოციალ-დემოკრატი შტაინმაიერი, რომელიც გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს, ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოციალ-დემოკრატების მთავარი კონკურენტი, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (CDU) თავის საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
შტაინმაიერის კანდიდატურას "მწვანეების" გარდა, მხარს უჭერენ მშობლიური სოციალ-დემოკრატიული პარტია და თავისუფალი დემოკრატები. ფართო მხარდაჭერის ფონზე, ვარაუდობენ, რომ სწორედ ის გახდება კიდევ ერთი ვადით გერმანიის პრეზიდენტი.
გერმანიის პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, ირჩევს სპეციალურად მოწვეული ფედერალური კრება. ის შედგება ბუნდესტაგის წევრებისა და დელეგატებისგან, რომლებსაც ფედერალური მიწების პარლამენტები ირჩევენ პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად.
არჩევნებში გამარჯვებისთვის შტაინმაიერს სჭირდება ფედერალური კრების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა
არჩევნები 13 თებერვალს არის დაგეგმილი.
შტაინმაიერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ორჯერ - 2005-2009 და 2013-2016 წლებში ეკავა.