საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მოსამართლეთა, პროკურორთა, პოლიციელთა და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა "შავი სია". ამის შესახებ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
გოცირიძის განცხადებით, სიის ფორმირებისთვის უნდა შეიქმნას იურისტთა ჯგუფი, ხოლო მოგვიანებით ეს სია მიეწოდოს დიპლომატიურ მისიებს, რათა სიაში მყოფ პირებს სანქციები დაუწესდეთ.
"სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას და რეპრესიებს. ეს სია უნდა გახდეს ცნობადი მთელი ქვეყნისთვის, იქნას მიმართული საელჩოებისთვის, რათა მათ შეეზღუდოთ ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფალი გადაადგილება. გარდა სავიზო შეზღუდვებისა, მათ დაუწესდეთ პერსონალური სანქციები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ სახელმწიფოსა და სასამართლოს სახელით ხალხზე და პოლიტიკოსებზე, ფაქტობრივად თბილად არიან მოკალათებულნი და აგროვებენ სიმდიდრეებს. უამრავი სიუჟეტი ვნახეთ მათი ცხოვრების შესახებ და თავს გრძნობენ დაუსჯელად. უნდა იყოს სანქციები ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის თუ პოლიციელის მიმართ, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში და უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში. უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის, მით უმეტეს, ზედაპირზე არის ბევრი საკითხი. შემდეგ ეს სია უნდა გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. ისინი ქვეყანაში თავს არ უნდა გრძნობდნენ არხეინად და არ უნდა დადიოდნენ ევროპაში თუ ამერიკაში, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არის მთავარი პრინციპი. ისინი მათი ქმედებით ქვეყანაში დემოკრატიას უთხრიან ძირს და უქმნიან საფრთხეს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.