საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის მეთაური პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა, დაბადების დღე პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.
ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება.
დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას, საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.