2 იანვრის საღამოს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სატელეფონო საუბრისას, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის მიმართ, რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამენ, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ პრეზიდენტებს შორის გამართული საუბრის კომენტირებისას.
ბაიდენმა ასევე "დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი".
აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინა ჩართული იქნება ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს "უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერის" გამო.
ზელენსკის თქმით, საუბრისას განიხილეს ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე რეფორმები და "დეოლიგარქიზაციის" საკითხები.
ბაიდენისა და ზელენკის საუბარს წინ უსწრებდა, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც პუტინის ინიციატივით, 31 დეკემბერს შედგა.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა პუტინი მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, თუ მოსკოვი განახორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის მიმართ. თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "სერიოზული შეცდომა" იქნება და შეიძლება დასავლეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა გამოიწვიოს.