2022 წლის 1-ლი იანვრიდან, ერთი წლით, ეუთოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, თავმჯდომარე პოლონეთი გახდა.
ეუთოს თავმჯდომარეობა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, როტაციის პრინციპის საფუძველზე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ენ ლინდესგან გადაიბარა.
რაუს განცხადებით, თავმჯდომარეობისას პოლონეთი კონცენტრირებას მოახდენს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიმართულებით პროგრესის მიღწევაზე.
ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავარი მიზანი იქნება ჰელსინკის დასკვნით აქტსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განმსაზღვრელ დოკუმენტებში დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპებსა და ეუთოს ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
"ნამდვილი დიალოგი წევრ ქვეყნებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ეუთოს არსებული მექანიზმებისადმი ერთგულებას", - განაცხადა მან.
ზბიგნევ რაუ 13 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხილავს პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს.
შეგახსენებთ, 2021 წელს ეუთოს შვედეთი თავმჯდომარეობდა.