დღეიდან, საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა.
თავმჯდომარეობა საფრანგეთმა სლოვენიისგან გადაიბარა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ "2022 წელი ევროპისთვის გარდამტეხი უნდა იყოს".
მაკრონის თქმით, თავმჯდომარეობის განმავლობაში, საფრანგეთს სურს ფოკუსირება მოახდინოს გარემოსა და დიჯიტალიზაციაზე.
გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება "ევროპის სუვერენიტეტზე" საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე თავდაცვის საკითხებზე.
ევროპამ "უნდა უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა", თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ პარიზი ხელს შეუწყობს შენგენის რეფორმას.
მომდევნო ექვს თვეში, საფრანგეთის ლიდერის თქმით, ასევე იგეგმება ევროპული პაქტის ხელშეწყობა, რომელიც ითვალისწინებს მიგრანტების უფრო სამართლიან განაწილებას ევროპაში.
ახალი წლის ღამეს საფრანგეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე შენობა, მათ შორის ელისეის სასახლე და ეიფელის კოშკი, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.