ქართველებს საოცარი გამონათქვამი გაქვთ, "ძალა ერთობაშია", ნამდვილად ერთიანობაშია სიძლიერე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში განაცხადა.
"ნამდვილად გამოწვევებით სავსე წელი იყო, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთს ნამდვილად ვჭირდებით. ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება, მარტო გაუმკლავდეს ისეთ პრობლემას, როგორიც პანდემიაა. ვფიქრობ, ქართველებს საოცარი გამონათქვამი გაქვთ - "ძალა ერთობაშია", ნამდვილად ერთიანობაშია სიძლიერე. კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ მიგვახვედრა, თუ რამდენად გვჭირდება ყველას მეგობრები. ბევრი მიმართულებით დავინახეთ, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში სირთულეების დროს. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად მოვახერხეთ ბევრი კარგი რამის გაკეთება გასულ წელს, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ამერიკის მთავრობისთვის საქართველოში ყოფნის მიზანია, საქართველო გახდეს წარმატებული ქვეყანა.
"უპირველესი და მთავარია, რომ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი ევროპასთან ინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ. ამერიკის მთავრობა ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე ეს არჩევანი არსებობს. ჩვენ ლობირებას უწევთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით ქვეყანას, რათა მიაღწიოს ნატო-ს მაღალ სტანდარტებს, ვეხმარებით ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესში", - თქვა კელი დეგნანმა.