ხუთშაბათს საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, კრემლის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თეთრი სახლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას, ბაიდენმა პუტინს მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის ესკალაციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დასავლეთი გადამჭრელ ზომებს მიმართავს თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.
"რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მომავალ მოლაპარაკებებში პროგრესი მხოლოდ სიტუაციის დეესკალაციის გზით მიიღწევა და განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.
სააგენტო Reuters-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა და პუტინმა მონიშნეს სფეროები, სადაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა მომავალი მოლაპარაკებების განმავლობაში.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სატელეფონო საუბრის შედეგების შესახებ ბრიფინგზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ ვაშინგტონს არ შეუცვლია პოზიცია ნატოში სხვა ქვეყნების გაწევრიანების თაობაზე.
"ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებებს თავად სუვერენული ქვეყნები იღებენ ნატოსთან კონსულტაციით და არა ვინმეს მითითებით", - თქვა პრესმდივანმა ფსაკიმ.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერმა საუბრის დროს რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება ბირთვული ომის დაწყების დაუშვებლობაზე.
ამასთან, უშაკოვის თქმით, ბაიდენმა დაარწმუნა პუტინი, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უკრაინაში შეტევითი იარაღის განთავსებას.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების შესაძლებლობას "უაღრესად სერიოზული შეცდომა" უწოდა.
"რაც ფაქტობრივად სრულად გაწყვეტს აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებს", - უთქვამს პუტინს ბაიდენისთვის, როგორც ამას კრემლი იტყობინება.
ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთის ინიციატივით გამართული სტელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.