კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანება.
წულუკიანის თქმით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება სამედიცინო მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული. მისივე თქმით კარგი იქნება, თუ პატიმარი მიხვდება, რომ თავისუფლება აქვს აღკვეთილი და ამიტომაც არის პატიმარი.
"სამედიცინო პერსონალი როდესაც მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. ასე იყო ყოველთვის, ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა. შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები. მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია", – განაცხადა თეა წულუკიანმა.