გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, უახლოეს მომავალში, "დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
"რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნოა, რომ რუსეთმა თავად გარიცხა თავისი თავი "დიდი შვიდეულის" შემადგენლობიდან, ყირიმის ანექსიის გამო", - თქვა ბერბოკმა სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში. "ამჟამად გაურკვეველია, როდის შეძლებს რუსეთის ჯგუფში დაბრუნებას, მიმდინარე ესკალაცია ამას ხელს არ უწყობს".
რუსეთი "დიდი რვიანის" შემადგენლობიდან 2014 წელს გარიცხეს, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო. მას შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები "დიდი შვიდეულის" სახელით იკრიბებიან.
2022 წლის 1-ლი იანვრიდან "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობას დიდი ბრიტანეთისგან გერმანია გადმოიბარებს.
ბერბოკის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანაა კლიმატის კრიზისის პრობლემის ერთობლივი გადაწყვეტა და სწორედ ამ გამოწვევაზე გააკეთებს აქცენტს ბერლინი "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობისას.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში 1977 წლიდან ევროკავშირიც მონაწილეობს.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ფოტო: AP