დიდი ავსტრიელი მაესტრო ჰერბერტ ფონ კარაიანი "ტრუბადურს" დგამს და ლეონორას პარტიის შემსრულებელს ეძებს. კარაიანის პრესსამდივნო უკავშირდება "გოს-კონცერტს" და ზალცბურგში, კარაიანთან, ცისანა ტატიშვილის ჩასვლას ითხოვს. "გოს-კონცერტმა" კარაიანის სამდივნოს ცისანას ნაცვლად სხვა მომღერალი, მილაშკინა შესთავაზა, რაზეც მათ სასტიკი უარი განაცხადეს. ცისანა ტატიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცის და, სულ ცოტა, ორი ათეული წლის შემდეგ გაიგებს...
ცისანა ტატიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი. უკანასკნელად ისაუბრა თავის თავზე, შემოქმედებასა და, ზოგადად, წარსულზე. თითქოს გრძნობდა, უკანასკნელად რომ საუბრობდა და შეთანხმებული დრო, რომელიც რამდენჯერმე შევახსენე, თითქოს არც ახსოვდა. დეტალურად გვიყვებოდა თითოეულ წარმატებაზე, სიხარულზე, ტკივილზე... ამ შეხვედრიდან მალევე, 2017 წლის 23 სექტემბერს, 80 წლის ასაკში, ქართველი საოპერო დივა გარდაიცვალა. არაერთხელ მომისმენია მისი ნათქვამი სხვადასხვა ინტერვიუს დროს, მაგრამ პირისპირ ნათქვამს: "მატერიალური კეთილდღეობა წამიერია, ხალხის სიყვარული კი – მუდმივი..." სულ სხვა ემოცია ჰქონდა.
ბავშვობიდანვე მუსიკალური და არტისტული ბუნებით გამორჩეული ცისანა ტატიშვილი 15 წლის იყო, როცა მშობლებმა კონსერვატორიაში მიიყვანეს. იქ ერთ-ერთ კონცერტმაისტერს მოასმენინეს, მაგრამ სრულიად უიმედო პასუხი მიიღეს: არავითარი საოპერო, ბავშვს საესტრადო ხმაც კი არ აქვსო. მაგრამ ცისანასა და მის ოჯახს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მათ პროფესორ ბოკუჩავას მიმართეს, რომელმაც იგივე გაიმეორა და ცისანას ურჩია, სიმღერაზე ფიქრი დაევიწყებინა და დრო ფუჭად არ დაეკარგა.
ოჯახმა, ნათესავის რჩევით, მაესტრო სანდრო ინაშვილს მიმართა, რომელმაც ცისანას მოსმენის შემდეგ გოგონა გულში ჩაიხუტა და უთხრა: "შენი ლამაზი, ობერტონებით მდიდარი, ძლიერი ხმა მოგცემს იმის საშუალებას, ნამდვილი საოპერო ვარსკვლავი დადგე და ჩვენი ქვეყნის სახელი შორს, საზღვრებს გარეთ გაიტანო".
ერთწლიანი ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ მან კონსერვატორიაში ჩააბარა. მესამე კურსზე იყო, როდესაც სპექტაკლ "აბესალომ და ეთერში" ეთერის პარტია შეასრულა. მეოთხე კურსის სტუდენტი კი ოპერის თეატრის დასში ჩაირიცხა.
სამწუხაროდ, შემოქმედებითი მონაცემების გამო, თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ გამხდარა, თუმცა, საბედნიეროდ, მისი დამარცხება ძნელი აღმოჩნდა.
ცისანა ტატიშვილი წარმატებული კარიერის დასაწყისს ოპერის მომღერალს თენგიზ მუშკუდიანს უმადლის. ოპერის თეატრის სცენაზე მან ეთერის პარტია შეასრულა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. ის ყოველთვის მიზანდასახული იყო, რაც მაესტრო ჯანსუღ კახიძეს არ გამორჩენია და ცისანა "დონ ჟუანში" დონა ანას პარტიაზე დაამტკიცა.
ცისანა ტატიშვილის ბრწყინვალე სცენურ შემოქმედებაზე, უნიკალურ დეფიციტურ სოპრანოზე, შთამბეჭდავ არტისტიზმსა და ემოციურ პერსონაჟებზე, რომელთა ხასიათის გამოსახვაში მას კეთილშობილი ხმა, ნიჭი და არტისტიზმი ეხმარებოდა, საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობენ მუსიკისმცოდნეები თავიანთ რეცენზიებში ადგილობრივ თუ უცხოურ გამოცემებში. კრიტიკოსები მას საბერძნეთში მარია კალასს ადარებდნენ, იტალიაში – რენატა ტებალდის, უფრო ხშირად კი დიდ მსგავსებას ხედავდნენ ცნობილ ბულგარელ მომღერალ გენა დიმიტროვასა და ცისანა ტატიშვილს შორის.
შემდეგ იყო შემოთავაზებები და კონტრაქტები გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური თეატრების ხელმძღვანელების მხრიდან. სთავაზობდნენ "კოვენტ გარდენში", "გრანდ ოპერაში", ათენის ეროვნულ ოპერაში, გერმანიაში – მიუნხენის, ბერლინის, კელნის, ბაზელის, ბონის თეატრებში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, შვედეთში დარჩენას და კარიერის იქ გაგრძელებას, მაგრამ დაუნდობელი რეჟიმის გამო ყველა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
"ერთ-ერთი საგასტროლო ტურნეს დროს გერმანიაში, მიუნხენში ვიმღერე ოპერა "ტოსკა", სპექტაკლის შემდეგ ჩემთან შემოვიდნენ ბაზელის, კელნის, ბერლინისა და ბონის თეატრების დირექტორები და შემომთავაზეს, მათ თეატრებში მემღერა "ტრუბადური". "გოს-კონცერტთან" შეუთანხმებლად ვერ დავთანხმდებოდი და როცა მოსკოვში დავრეკე, ასეთი პასუხი მივიღე: "დაბრუნდი, თორემ ვეღარასდროს ეღირსები გასტროლს", – მითხრა ცისანა ტატიშვილმა.
"საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გავწირავდი ოჯახს, ახლობლებს, ბევრი მაცდუნებელი შემოთავაზების მიუხედავად, ვერც სამშობლო დავტოვე და ვერც ოჯახი გავიმეტე სამუდამო წვალებისთვის. დავრჩი საქართველოს, ჩემი თბილისის ერთგული და ამით სრულიად კმაყოფილი ვარ... კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ მიცნობენ და ვუყვარვარ მსმენელს, არაფერში გავცვლიდი ამ სითბოსა და სიყვარულს, მატერიალური კეთილდღეობა წამიერია, ხალხის სიყვარული კი – მუდმივი..." – აღნიშნავს მომღერალი.
განსაკუთრებული ემოციებით საუბრობს ცისანა ტატიშვილი თავისავე შესრულებულ პარტიებზე. "ერთმანეთზე უკეთესი საოპერო პარტიები მაქვს ნამღერი. ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟები და ყოველთვის წარმოვიდგენდი თავს იმ ეპოქის გმირად, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ... მიყვარს ჩემი ამელია, ლეონორა, დეზდემონა, ებოლი, აიდა, დონა ანა, სანტუცა, სალომე... მენატრებიან... ამ სახეებმა მომიტანა დიდი აღიარება, ხალხის სიყვარული", – ამბობს ჩვენთან საუბარში მომღერალი. თუმცა აღნიშნავს, რომ გული სწყდება "კარმენის" პარტიაზე, რომლის შესრულებაც თავისი კარიერის განმავლობაში ვერ შეძლო.
"ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ბიზეს "კარმენია". ჯანსუღ კახიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა, თეატრში დაედგა ეს ოპერა და მისი განხორციელება ბება თუმანიშვილს შესთავაზა, მაგრამ ბება გარდაიცვალა და მივატოვე კარმენის პარტიაზე მუშაობა", – გვითხრა ცისანა ტატიშვილმა.
ტატიშვილის შემოქმედებას უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა უცხოურ პრესაშიც. „ზაარბრიუკენ-ცაიტუნგი“ 1977 წელს წერდა: "ცისანა ტატიშვილი დღესდღეობით უმაღლესი კლასის დრამატული სოპრანოა, ეს არის მომღერალი, რომელიც ალტის სიღრმეებს სწვდება, აფრქვევს ვნებასა და ექსპრესიას, სითბოს, რის გამოც კაცს სუნთქვა გეკვრის".
"ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი ხმა! აქ დიდი ხანია, აღარ მოგვისმენია ისეთი ხმა, რომელსაც ცისანა ტატიშვილი ფლობს... ნამდვილ შტურმს ჰგავდა ზაარბრიუკენელი მსმენელის შეძახილები სპექტაკლის შემდეგ, რომელიც ქართველ სოპრანოს, ცისანა ტატიშვილს ეკუთვნოდა", – წერდა "ზაარბრიუკენ-ცაიტუნგი".
ცისანა ტატიშვილი უნიკალური ქართველი მომღერალია, რომლის მიერ ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში შექმნილი პრეცედენტი – რიჰარდ შტრაუსის "სალომეს" შესრულება, ჯერჯერობით არავის გაუმეორებია, რის გამოც ის მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში მონსერატ კაბალიესა და ბირგიტ ნილსონთან ერთად არის მოხსენიებული.
შეხვედრისას ცისანა ტატიშვილი დიდი მორიდებითა და თავშეკავებით საუბრობდა საკუთარი შემოქმედების იმ ბრწყინვალე ეპიზოდებზე, რომელიც მას მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონდა და რომლებითაც მსოფლიო მნიშვნელობის ბევრი პრიმადონა იამაყებდა.
2010 წელს თბილისის ოპერის შენობის წინ ცისანა ტატიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს.