შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში, უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობასა და რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა.
კამალა ჰარისის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერ მცდელობას მკაცრი სანქციები მოჰყვება.
"ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთთან. როგორც იცით, პრეზიდენტი ბაიდენი ცოტა ხნის წინ ვირტუალურ სამიტზე შეხვდა პუტინს. ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ჩვენ მტკიცედ უნდა დავხვდეთ და შევეწინააღმდეგოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას. ამასთან, ვმუშაობთ მოკავშირეებთან ამ მიმართულებით და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სანქციებს, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს", - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იგულისხმება თუ არა საპასუხო ზომებში უშუალოდ, ვლადიმირ პუტინის სანქცირებაც, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ კონკრეტულ დეტალებში არ შევა.