რადიკალური ისლამისტური მოძრაობის "თალიბანის" მთავრობამ დაითხოვა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც წინა, ლეგიტიმური მთავრობის დროს, ადმინისტრირებას უწევდა ქვეყანაში საარჩევნო პროცესს. ამის შესახებ 25 დეკემბერს, ქაბულში "თალიბანის" სპიკერმა, ბილალ ქარიმმა განაცხადა.
"თალიბანის" განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნო კომისიის არსებობის საჭიროება არ დგას. გარდა ამისა, გაუქმდა ორი სამინისტრო - სამშვიდობო საკითხთა და საპარლამენტო საკითხთა სამინისტროები.
ავღანეთში დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია 2006 წელს დაარსდა და დაევალა ქვეყანაში საპრეზიდენტო და სხვა არჩევნების ჩატარების ორგანიზება და ზედამხედველობა.
ავღანეთიდან აშშ-ისა და მოკავშირეთა ჯარების გასვლის შემდეგ, "თალიბანი" 15 აგვისტოს შევიდა დედაქალაქ ქაბულში და რამდენიმე დღეში მთელ ქვეყანაზე აიღო კონტროლი.
"თალიბანის" მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ძალადობისა და ტერორისტული აქტების ტალღა. ამასთან, "თალიბანმა" განაცხადა, რომ ქვეყნის მართვა-გამგეობას შარიათის კანონების ზედმიწევნით დაცვით გეგმავს, რის კვალდაკვალ ავღანეთში მკვეთრად შეიზღუდა ქალთა უფლებები.
"თალიბანის" მთავრობა ოფიციალურად ჯერ არავის უღიარებია.