რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს საშობაო მიმართვა წაუკითხა.
თავის საშობაო გზავნილში რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა დიალოგისა და გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პონტიფიკოსმა დაგმო პერსონალურ და საერთაშორისო ურთიერთობებში მზარდი პოლარიზაცია და განაცხადა, რომ მხოლოდ დიალოგს ძალუძს კონფლიქტების გადაჭრა, დაწყებული ოჯახური შუღლიდან ომის საფრთხემდე.
Urbi et Orbi-ის (ქალაქისა და მსოფლიოსადმი) სახელით ცნობილ, ტრადიციულ მიმართვაში, რომის პაპმა მოუწოდა მოქალაქეებსა და მსოფლიო ლიდერებს, ესაუბრონ ერთმანეთს, ნაცვლად იმისა, რომ ჯიუტად დადგნენ თავიანთ პოზიციებზე და განსხვავებული აზრი არ ისმინონ.
რომის პაპმა თავის მიმართვაში ყურადღება მიაპყრო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაჩაღებულ კონფლიქტებს, დაძაბულობას თუ კრიზისებს სირიაში, იემენში, ისრაელში, პალესტინაში, ავღანეთში, მიანმარში, უკრაინაში, სუდანსა და სამხრეთ სუდანში.
"ჩვენ კვლავაც მრავლი კონფლიქტის, კრიზისისა და უთანხმოების მოწმენი ვართ", - თქვა პონტიფიკოსმა.
"როგორც ჩანს, ამას დასასრული არ უჩანს, ახლა მათ [კონფლიქტებს] ჩვენ თითქმის ვერც ვამჩნევთ, იმდენად შევეჩვიეთ, რომ უზარმაზარი ტრაგედიები ყურადღების მიღმა გვრჩება", - დასძინა პაპმა.
რომის ეკლესიის მეთაურმა ადამიანებს მოუწოდა, ნუ იქნებიან გულგრილნი ლტოლვილების, მიგრანტების, დევნილთა, პოლიტპატიმრებისა და ძალადობის მსხვერპლ ქალთა მდგომარეობის მიმართ და სთხოვა ლიდერებს, დაიცვან გარემო მომავალი თაობებისთვის.
ცოტა ხნით ადრე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო წირვაზე ფრანცისკემ თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც გულგრილები არიან ღარიბების მიმართ, შეურაცხყოფენ ღმერთს.