უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკავებაზე თანხმობა გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანას ისახავს მიზნად.
მანამდე, სააგენტო "უკრინფორმი" იუწყებოდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. როგორც იუწყებიან, პატიმრობის ჩასანაცვლებად შესაძლოა გადახდილი იქნეს გირაო 1 მილიარდი უკრაინული გრივნის ოდენობით, რაც დაახლოებით 37 მილიონი დოლარია.
პეტრო პოროშენკოს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პოროშენკო საპროცესო მოქმედებების გასატარებლად 23 დეკემბერს დაიბარა. ის საზღვარგარეთ იმყოფება და საგამოძიებო ბიუროში მისი ადვოკატები მივიდნენ.
პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, მაგრამ ეს არ მოხდება იმ ვადებში, რომელსაც პროკურატურა და გამოძიების სახელმწიფო ბიურო მოითხოვენ.