პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა, - ამის შესახებ „ქართული ცონების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი.
„შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია არ ჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. შალვა წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. შალვა პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციის მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ შალვას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა.