"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს მასობრივი შიმშილობის აქციის არსს.
"ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი:
1. სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა
2. თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას - გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს
3. რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით -, ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა
4. მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო
5. პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით
6. არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ,,ბიძინას შევეცოდებით" - შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის - გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც
რა თქმა უნდა შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!
7. განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს - ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ
8. მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო ,,სტრატეგიულ არაფრისკეთებას" და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა - პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!
9.არჩევნებს უარვყოფთ? არა - პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ
10.შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს
11.ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუმდივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს - ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ", - წერს ნიკა მელია.