ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯის შესახებ მუხლები ამოიღეს.
შესაბამისი კანონის მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც იანვარში ყაზახეთმა მოახდინა გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რომელიც მიზნად ისახავდა სიკვდილით დასჯის გაუქმებას.
"ყაზახეთის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის სრული გაუქმება ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და უმაღლესი კონსტიტუციური ღირებულების - სიცოცხლის უფლების გარანტირებას", - განმარტა სენატის კომიტეტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილმისჯილებს სასჯელის უმაღლესი ზომა უვადო პატიმრობით შეეცვლებათ.
ამ დრომდე, ყაზახეთში სიკვდილით დასჯის მორატორიუმი მოქმედებდა. 2003 წლის 17 დეკემბერს ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე უვადო მორატორიუმი გამოაცხადა.