არც ერთი წუთით არ ვივიწყებთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ ელჩებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისა და არაღიარების პოლიტიკის ეფექტური გატარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და თქვენი, ძვირფასო ელჩებო, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, არაღიარების პოლიტიკის ძალიან ეფექტური გატარება, ამ პროცესების ინტენსიფიკაცია, როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო არენაზე ყველა, მათ შორის უმაღლეს დონეზეც. ამიტომ, ამ მიმართულებით თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამისთვისაც. თქვენი კომპეტენტური მუშაობის შედეგია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, ჩვენი პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის მიმართ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვება და ამის გამყარება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.