ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელმა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილს უპასუხა.
ბორელის წერილს პოლიტიკური პარტია „ლელო“ ავრცელებს.
წერილში ბორელი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად შეუწყონ ხელი დეესკალაციასა და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის შესრულებას.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით 9 დეკემბრის წერილისთვის. ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების არსი.
ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება საუკეთესო შანსად საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შენებაში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და დამაზარალებელი პოლარიზაციის დასასრულებლად, რომელიც ამჟამად აზარალებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მართლმსაჯულებასა და დემოკრატიულ რეფორმებს. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად შეუწყონ ხელი დეესკალაციასა და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის შესრულებას.
როგორც ხაზგასმულია 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში, ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე კვლავ განისაზღვრება სხვა ასპექტებთან ერთად რეფორმების ტემპითა და ხარისხით. ევროკავშირის პირობითობისა და სტიმულირების მიდგომა („მეტი მეტისთვის“ და „ნაკლები ნაკლებისთვის“ გააგრძელებს უფრო მეტი სარგებლის მოტანას იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რეფორმების განხორციელების ერთგული არიან. ეს იყო ასევე ევროკავშირის მკაფიო გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და მისი მოსახლეობის სასარგებლოდ“, – წერს ბორელი.