ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად როგორ გვესმის და მე როგორ მესმის ეს საკითხი, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისი განმარტებით, როგორც პრეზიდენტმა თქვა, გაგრძელდება პარტიების წარმომადგენლობებთან შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში.
"რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიიდანაც იქნება წარმომადგენლობა, რომელიც შეხვდება პრეზიდენტს. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად როგორ გვესმის და მე როგორ მესმის ეს საკითხი. ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის ყველაზე დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის. პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს. მე გავუზიარე, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ასევე ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის. მან მომისმინა, ერთმანეთს მოვუსმინეთ, მოხდა აზრების გაცვლა. მისი წარმოდგენით, არის ის მოცემულობა, რომ ძალიან რთული ხდება უკვე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება. ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება, ესეც გაიზიარა. მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს. ჩემი განწყობა არის პოზიტიური უფრო იმიტომ, რომ როდესაც არსებობს კიდევ ერთი ფორმატი იმის, რომ ჩვენ ამ მძიმე მოცემულობიდან გამოსავალი მოვძებნოთ, მე ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მოლოდინი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.