მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, აღმშენებლობის წლები-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თავდაუზოგავად შრომობს ქვეყნის წინსვლისთვის.
„დღეს, როდესაც ჩვენი საქმიანობის შედეგებს ვაჯამებთ და შემდგომ განვითარებაზე ვმსჯელობთ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეული სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მადლობა ყველა მინისტრს გაწეული საქმისათვის, ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს, მადლობა პარლამენტს, პარლამენტის თითოეულ წევრს და ჩვენი ძლიერი გუნდის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს წარმატებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, მადლობა ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, მადლობა ჩვენს ხალხს! მჯერა, ჩვენი საზოგადოება მთავრობის ინიციატივებს მხარს დაუჭერს და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს მთელი გულით, თავდადებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ სიღარიბე, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, განვითარება და პროგრესი უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების და აღმშენებლობის წლები! ყველას დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმშვიდეს და წარმატებულ ახალ 2022 წელს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.