ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსს მოუწოდებს, მზად იყოს უკრაინაში ნებისმიერი სცენარის განვითარებისათვის.
"ის, რასაც ჩვენ ვხედავთ - ეს არის მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული და მზარდი ძალისხმევა რუსული ჯარის მობილიზებისა [უკრაინის საზღვართან]. ჯარის ასეთი კონცენტრაციის ირვლივ არ არის არანაირი სიცხადე. რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესის იმედი გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია მზად ვიყოთ უარესისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ბულგარეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს.
"ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები. ვაგრძელებთ დაზვერვის შესახებ ინფორმაციების გაცვლას და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს თავისი მოკავშირეების დასაცავად.
"ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პირდაპირ საფრთხეს ალიანსის რომელიმე წევრის მიმართ, მაგრამ ვხედავთ დაძაბულობის ზრდას, და ეს უპირველესად ეხება ჩვენს წევრებს რეგიონში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებისა და მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.