პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობდა, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტიკოსებს შორის მსჯელობის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან.
"გვინდოდა, გაგვეგო, "ქართულ ოცნებას" რა უნდა საკონსტიტუციო ცვლილებიდან, ეს ჯერ ვერ დავადგინეთ. ამბობენ, 2024 წლიდან ამოქმედდეს 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და 2024-2028 წლებში 2-პროცენტიანი ბარიერი იყოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელეთ. ბარიერის გარდა, არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც, რაზეც ვიმსჯელეთ.
პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა, მოგვესმინა, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა "ქართულ ოცნებას", რასაც გვეუბნებიან, 2-პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე - ვთქვათ, ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს მაგალითად 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1-პროცენტიანი ბარიერი და 120/30-ზე პრინციპი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების თხოვნით გაიმართა, განსახილველი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ბედი.
"დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე იყო მსჯელობა. ყველაფერი არის ღია ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე, ყველა თემა არის ღია – ასეც შეიძლება, ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციის ქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია. ღია იმას გულისხმობს, რომ არაფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პირველ რიგში, კონსულტაციები გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადეთი, რაზეც გვაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური ბარიერი 43 პროცენტი გადავლახეთ და 47 პროცენტი ავიღეთ. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებზე არის დახურული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია. ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესი იყოს, კერძოდ, პოლიტიკურ სისტემაში უკეთესი მოცემულობა იყოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კონსულტაციები თუ იქნება სხვადასხვა თემაზე, კანონპროექტზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მზად ვართ, შეხვედრისთვის და კონსულტაციებისთვის, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება. ასეთივე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის ქმედებებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 სექტემბერს მიიღო. საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, წინ კიდევ ორი მოსმენაა.
ამ ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი.