საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში მაქსიმალურად აისახოს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები, ასევე კიდევ ერთხელ დადასტურდეს ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ქართული მხარისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით.
საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცებას, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დღის წესრიგი მოიცავს კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება.
მთავრობის მეთაურმა ევროკომისარ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი ბოლო ვიზიტისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის წარდგენისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად დგამს ნაბიჯებს შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ამ ძალისხმევაში ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ევროკომისიაში გამართული შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.