ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან შესაძლოა, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატები. საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის ფსიქოტროპილი მედიკამენტების დოზა, რასაც მას აძლევდნენ, მაღალი იყო.
„ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, შეიძლება ის დოზა, რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, არ აღემატებოდეს თერაპიულ დოზას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დოზა ძალიან დიდი იყო მის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის. თერაპიული დოზა არის ფსიქოზების დროს ავადმყოფის მკურნალობა, მაგრამ რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, მის მდგომარეობაში, ამდენი სტრესის, შიმშილობის შემდეგ, ჩემი აზრით, ძალიან მაღალი დოზა იყო“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.