ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ შესაძლოა „ომიკრონი“ გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ომიკრონი“ თითოეულ ქვეყანაში რამდენიმე კვირაში დომინანტური ხდება.
„სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში ის [ომიკრონი]ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდი ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. მართალია, ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სფეროზე”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.