გაერთიანებული სამეფოს საგარეო საკითხთა მდივანი ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრას მძიმე ეკონომიკური შედეგები ექნება. ამის შესახებ მდივანი ტრასი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს.
ლიზ ტრასის თქმით, ლივერპულში ამ შაბათ-კვირას გამართული "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ერთიანობის დემონსტრირება მოხდება და რუსეთს ცხადად დაანახებენ, რომ უკრაინაში შეჭრა "სტრატეგიული შეცდომა" იქნება.
ტრასი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რაოდენ მტკიცეა მოკავშირეთა პოზიცია, უკრაინაზე მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე.
"თუ რუსეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა და რუსეთისთვის იქნება სერიოზული შედეგები", - განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისივე განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირებმა უნდა იმოქმედონ, რათა შეაკავონ რუსეთის აგრესიული მოქმედებები.
დასმულ შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში სამხედრო რეაგირებას, ტრასმა უპასუხა:
"დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან მუშაობს მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე".
G7-ის შეხვედრის წინ, მდივანმა ტრასმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან
რამდენიმე კვირაა დაძაბულობა მატულობს რუსეთ-უკრაინის საზღვართან, რომლის სიახლოვესაც მოსკოვი თავს უყრის ათეულ ათასობით სამხედროს. ამ ფონზე, კრემლი უარყოფს, რომ გეგმავს უკრაინაში შეჭრას.