ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თანამდებობიდან გადადგომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
მისივე თქმით, მის გადადგომას წინ არ უძღვოდა პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების საკითხი.
"მეგონა, საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც პარტიის ოფისიდან გავაკეთე, თუმცა დარჩა გარკვეული ღია კითხვები, რაც შემდეგ გახდა სკანდალის ძებნის საფუძველი. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ვეძებოთ ახლა სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს სრულიად მედია და საზოგადოება მშვიდად. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რაზეც დიდი ხანია, ვფიქრობდი. ზოგადად ვფიქრობდი, როცა ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, მნიშვნელოვანია ამ დარგისა და ადგილის განვითარებისთვის მოხდეს გარკვეული ცვლილებები, თუმცა გამომდინარე პანდემიიდან, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების შუაში მიტოვება. მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება, პრეზენტაციები, რომელსაც სიპების მიმართულებით წარვუდგენთ საზოგადოებას. როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული,მივიჩნევ, რომ ამ პრეზენტაციაზე მე უნდა ვესწრებოდე, ნაწილი უნდა წარვადგინო, რადგან როგორც საჯარო მოხელეს, ამის პასუხისმგებლობა მაკისრია.
რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, როგორც გუშინ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, ახალი წლიდან ახალი მინისტრი გააგრძელებს ამ პოსტზე მუშაობას. მნიშვნელოვანია, ახალი წელი დაიწყოს ახალი ხედვით და ახალი ბიუჯეტი მართოს იმ ადამიანმა, რომელიც შემდეგ უკვე მართავს როგორც პანდემიას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დანარჩენ მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სრული თავისუფლება ამ გადაწყვეტილებებში", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.