საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ქემოკლიძის ოჯახის წევრებს გადასცა, მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.
,,სამოქალაქო აქტივიზმი არის რეალური ბრძოლა, დიდი და მძიმე საქმე, რომელსაც მოყვება შედეგი, როცა ადამიანი სწორედ და თანმიმდევრულად მიემართება შედეგის მისაღწევად.
დღეს ჩვენ სწორედ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ ირაკლი ქემოკლიძემ რეალურად მიაღწია შედეგს და შშმ პირთა უფლებების დაცვის დარგში ისეთი წინსვლა და ისეთი შედეგები დატოვა კანონმდებლობაში, რომ ამის შემდეგ უკუსვლა არ შეიძლება მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებების ბრძანება მისცა, პარლამენტმაც შეასრულა ეს და 2015 წლიდან უკვე მოქმედებს ეს ცვლილებები.
ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომლის მაგალითიც ახალგაზრდებმა უნდა გაიმეორონ.
ეს არის ბევრი ცოდნის, ბევრი სწავლის და ბევრი ბრძოლის შედეგი. ეს ნიშანია იმისა, რომ ასეთ ბრძოლას, თუნდაც ხანგრძლივს, ყოველთვის აქვს ფასი და შედეგი და ყოველთვის იმსახურებს დაფასებას.
მინდა, რომ დღეს ეს ამ ჯილდოთი ჩვენი დაფასება გამოვხატოთ და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ.
ძალიან რთულია ეს, როცა ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა, როდესაც აცრის შესაძლებლობა ჯერ არ იყო. ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს, სადაც შესაძლებლობაა ადამიანები აცრილები უნდა იყვნენ. ეს სხვების, მთელი საზოგადოებისა და ოჯახების მიმართ ჩვენი, ყველას ვალდებულებაა. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ხელში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ირაკლი ქემოკლიძის დაჯილდოება.
საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისა და სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ირაკლი ქემოკლიძის დედამ მაია ასაკაშვილმა.
"მინშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქვეყნის მთავარსარდალი აჯილდოებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ამ უმაღლესი ჯილდოთი. ირაკლი ქემოკლიძე ჯილდოვდება ამ სამოქალაქო აქტივიზმისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების მხარდაჭერისთვის. მან ძალიან დიდი ბრძოლა გასწია დედისა და ადვოკატების მხარდაჭერით, რომ შეგვეცვალა სისტემა. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ირაკლიმ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ“- აღნიშნა მაია ასაკაშვილმა.