საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. აღინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდაჭერისა და კრიზისების პრევენციის კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა UNDP-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო UNDP-თან თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და ამ პროცესში გაეროს განვითარების ახალი ქვეყნის დოკუმენტის მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის გაძლიერებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს. ნიკ ბერესფორდმა ხაზი გაუსვა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს.
საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას. ასევე ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ჰუმანიტარულ პროექტებს, რისთვისაც პრემიერმა UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.