ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით სამედიცინო პერსონალისთვის სამედიცინო კომპანიებთან თანამშრომლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძემ კომიტეტის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის კანონში შედის დამატებები და ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის უფლებების დაცვას, რათა მისთვის დანიშნულების გამოწერის დროს მოხდეს ფარმაცევტული პროდუქციის შეძლებისდაგვარად ფართო არჩევანის შეთავაზების უზრუნველყოფა შესაბამისი ხარისხის, ფასის და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს სათანადო განმარტებები.
"ამ მოტივით ცვლილებები აისახება "ჯანმრთელობის დაცვის" და "საექიმო საქმიანობის" შესახებ კანონებში. აღნიშნული ნორმების დარღვევისთვის პასუხიმსგებლობა კი განისახზღვრება "ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით". ჩვენი მიზანია, აღნიშნული ცვლილებებით დავიცვათ პაციენტის უფლებები, რომ არაკეთილსინდისიერმა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელმა, პირადი ინტერესების, ან ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგების საფუძველზე ისეთი მედიკამენტები არ დანიშნოს, რომელიც ფაქტიურად არ სჭირდება", - განაცხადა მიხეილ დოლიძემ.
კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაიცვას შემდეგი ნორმები:Lარ შევიდეს გარიგებაში რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მნიზნით, რომ პირადი კომერციული ინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებს პაციენტებს ფარმაცევტული პროდუქციის გასავრცელებლად, ასევე - პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტთან ურთიერთობისას არ იმოქმედოს ანგარებით, მათ შორის რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ, ფარმაცევტული კომპანიის შერჩევისას პაციენტს შეძლებისდგავარად შესთავაზოს ფარმაცევტული კომპანიის ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით და პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტთან ურთიერთობაში არ გამოიყენოს ფარმაცევტული კომპანიების/ფარმაცევტული პროდუქტის ან სადაზღვევო კომპანიის განმასხვავებელი ნიშნის მქონე ექიმის დანიშნულება ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც გადაეცემა პაციენტს მომზადების გაცემის, ანდა მოხმარების წესებთან დაკავშირებით. ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში იკრძალება ფარმაცევტული კომპანიებისა და მათი პროდუქციის რეკლამირება.
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება ან ექიმი აღნიშნული ნორმების დარღვევაში იქნება შემჩნეული, პირველ ჯერზე 1000 ლარით, მეორე ჯერზე კი 2000 ლარით დაჯარიმდება.
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.