ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების საკითხი. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, განვიხილავთ უკრაინის სიმტკიცის გაძლიერების გზას", - განაცხადა ბორელიმ.
უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება იქნება მსჯელობის საგანი 13 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებისა და მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.
რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, დასავლეთის განცხადებები რუსული აგრესიის შესახებ გამოიყენება საბაბად იმისთვის, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ტექნიკის ფართომასშტაბიანი მობილიზება მოხდეს.