არ ვაპირებთ არდადეგებზე გასვლას საახალწლოდ, პროტესტი არ გაჩერდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა ბრძოლის სულ სხვა ეტაპზეა გადასული.
"ჩვენ ახლა ბრძოლის სულ სხვა ეტაპზე ვართ გადასულები. ჩვენი, როგორც პარტიის მთავარი ამოცანაა - ვადამდელი არჩევნები, რომელის მისაღწევადაც ერთად ვიბრძვით, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი ამოცანა. გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც ჩვენს ხელში არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ამ ყველაფერში კი, მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება პროტესტი, რადგანაც სამწუხაროდ, მეტი ენა "ქართულ ოცნებას" არ ესმის. ეს პროტესტი არ გაჩერდება არც დეკემბერში და არც იანვარში. არ ვაპირებთ არდადეგებზე გავიდეთ საახალწლო პერიოდში, ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს, არავის არ ეზეიმება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.