ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ევალება კიდეც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტი უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია.
ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.