შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა ჰქონდეს განზრახული. ამის შესახებ ნულანდმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.
"არსებობს შიში, რომ ის [პუტინი] ისწრაფვის საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნისკენ, როგორც მისი მემკვიდრეობის პროექტი, და ვინ იცის, დაკმაყოფილდება თუ არა მისი მადა იმით, რაც უკვე შთანთქა, თუ გადაწყვეტს წინსვლას? - თქვა ნულანდმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, რუსეთი უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს თავის გავლენის ზონად განიხილავს, მაგრამ "პუტინი არ აფასებს ევროპელ მოკავშირეებს", რომლებიც მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ "კრემლის აგრესიას".
მოსმენაზე ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ ომი არ არის ის, რაც რუს ხალხს სურს.
"მათ არ სურთ ომი. რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს ჯანდაცვას, საავადმყოფოებს, სკოლებს, გზებს. ამაში უნდა ხარჯავდეს ხელისუფლება რუსეთის სიმდიდრეს და არა ახალგაზრდა მამაკაცების ომში გასაგზავნად", - დასძინა ნულანდმა.