აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა წევრმა ქვეყნებმა, რუსეთის ქმედებების შესაკავებლად, უკრაინაში როტაციის საფუძველზე ჯარი უნდა განათავსონ. ამის შესახებ ბოლტონმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ბოლტონის თქმით, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა კიევს უფრო მეტი ლეტალური იარაღი უნდა მიაწოდოს.
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საზღაური იმდენად მაღალი იქნება, რომ პუტინმა და მისმა მრჩევლებმა ხელი აიღო ამ განზრახვაზე. ვფიქრობ, ეს არის საომარი მოქმედებების შეკავების საშუალება, რომელიც ასე გარდაუვალი ჩანს", - თქვა ბოლტონმა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია პუტინის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რათა შეინარჩუნოს კრემლის გავლენა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე.
ბოლტონის თქმით, პუტინი აგრძელებს გავლენის მოხდენის მცდელობას აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ექვს ქვეყანაზე - უკრაინა, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც არ არიან დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი და ნატო-მ წერტილი უნდა დაუსვას ყოველგვარ ბუნდოვანებას მათ მომავალთან დაკავშირებით.
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
ბოლო კვირებია უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ სამხედრო ძალის უპრეცედენტო კონცენტრაციის გამო იზრდება შეშფოთება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის. დასავლეთის ლიდერებით მოუწოდებენ რუსეთს, რომ სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯი ვითარების დეესკალაციის მიზნით.