“თუ ავიღებთ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს, ყველამ გაიარა ეს გზა, დაპირისპირების შემდეგ აუცილებელია ეროვნული თანხმობა", აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. მისი განმარტებით, ყველა ადამიანს, ყველა პარტიას სხვადასხვანაირად ესმის ეს.
“სტრატეგია აღმაშენებელი” ამ იდეით არის შექმნილი, რომ შევთანხმდეთ პრინციპულ საკითხებზე და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. "ქართული ოცნება" არ მოდის ამაზე. ნაცვლად იმისა, რომ შეამციროს პოლარიზაცია, ახალი შხამით კვებავს დაპირისპირებას, ამას აკეთებენ მიზანმიმართულად. არსებობს "ქართული ოცნება" და მასთან დაახლოებული პირები, რომლებზეც კანონი არ ვრცელდება და შეუძლიათ ნებისმიერი ქმედება ჩაიდინონ, მათ შორის, მკვლელობა და არიან ადამიანები, ვისზეც მთელი სიმკაცრით ავრცელებენ კანონმდებლობას და მეტიც, პოლიტიკური ნიშნით დევნიან ადამიანებს.
"ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ 2024 წელს უწევთ ხელისუფლების გადაცემა და მაქსიმალურად ცდილობენ ამ დრომდე გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ნებისმიერი არჩევნები, მათ შორის, ვადამდელი, გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას, მათ ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ჰქონდეთ ჩვენი ძარცვის უფლება, არსებობს აუდიტის დასკვნები, მათ შორის, შეგიძლიათ ამოიღოთ პენიტენციური სამსახურის 2020 წლის აუდიტის ანგარიში, როცა მათ შორის თეა წულუკიანი იყო მინისტრი, სადაც ნახავთ, რომ მილიონზე მეტი ღირებულების ტექნიკაა იქიდან დაკარგული. ამას აკეთებენ - ძარცვავენ და რა თქმა უნდა, თავის ნებით არ დათმობენ ძალაუფლებას. ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, რომ მთელი საზოგადოების ნება იყოს ასახული საქართველოს პარლამენტში და არავინ ერთმა არ დაჩაგროს მეორე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.