ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სტრიმინგ კომპანია Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართება.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა 24 იანვარს გაიმართება.
როგორც დღეს გამართულ ბრფინგზე გაფრინდაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, როგორც გაირკვა Netflix-მა სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.
"ნეტფლიქსმა" წარმოადგინა დაცვის ტრადიციული გზა და გადადგა ის ნაბიჯები, რასაც ველოდებოდით. „ნეტფლიქსმა“ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. ეს სამართლებრივი შესაძლებლობები კალიფორნიულ სამართალში ბევრია. დაახლოებით ასეთია მათი არგუმენტი, რომ მაგალითად გონიერმა მაყურებელმა ეს სადავო ფრაზა არ უნდა მიიჩნიოს ფაქტების დამდგენ ფრაზად", - განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის სასამართლოს 16 სექტემბერს წარედგინა სარჩელი ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ.
ჭადრაკის დიდოსტატი Netflix-ს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახი 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ინიცირებულ სასამართლო დავაში იურიდიული კომპანია BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იცავს.
დავა შეეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen's Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაცების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.
კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის ჰარმონის შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან."
The New York Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დავა მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი ნაწილია და ამბობს: "ის, რომ ქალი მოჭადრაკეები მიღებული არიან საჭადრაკო საზოგადოებაში და ისინი ხდებიან დიდოსტატები ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია; ეს არის ბრძოლა, რომელიც მე დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც მე ვაგრძელებ".