მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ელენე ხოშტარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის, ის სუსტად გამოყურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელი არ არის.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, ვერანაირი აგრესია ვინმეს მიმართ. ძალიან თვალნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა ძალიან სერიოზული ზიანი და მე ვერანაირად ვერ ვიტყოდი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ ახლა არის დამამშვიდებელი. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ეს არის ჩემი, ამ პროცესში გამოცდილება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, შეუძლებელია ვინმეს სიამოვნება მიგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ რაც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
"მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც აქვს ლეგიტიმური არმოწონება, არმიღება ან პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მე არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს აწუხებს წინა მთავრობიდან მოყოლებული, არ მგონია რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს. შეუძლებელია, რომ ვინმეს სიამოვნება მიგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ რაც ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში... აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან მიხეილ სააკაშვილს", - თქვა ხოშტარიამ.
პარტია "დროას" ლიდერის თქმით, ის და მიხეილ სააკაშვილი განსხვავებულ პლატფორმებზე რჩებიან, თუმცა ვერ მოისვენებს, სანამ საააკაშვილი ამ მდგომარეობაში იქნება.
ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ აგრძელებს ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის.