ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ბანკნოტების დიზაინის შეცვლას გეგმავს, ევროპის ქვეყნების მოქალაქეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. პროცესი, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
რედიზაინის პროცესი დაიწყება ფოკუს-ჯგუფის შექმნით, რომელსაც დაევალება ხალხის მოსაზრებების შეგროვება მთელი ევროზონის მასშტაბით ევროპის მომავალი ბანკნოტების შესახებ.
ამასთან, შეიქმნება თემატური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშივ შევა ევროზონის თითოეული ქვეყნის თითო ექსპერტი.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრები უკვე დანიშნულნი არიან ევროზონის ნაციონალური ცენტრალური ბანკების შეთავაზებების საფუძველზე. ჯგუფის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს - ისტორიას, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებებს, გამომსახველობით ხელოვნებასა და ტექნოლოგიას.
"ევროს ბანკნოტები არსად გაქრება. ის სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ევროპაში ერთად ვართ, განსაკუთრებით კრიზისის დროს და მასზე კვლავ დიდი მოთხოვნაა. 20 წლის შემდეგ დადგა დრო გადავხედოთ ჩვენი ბანკნოტების გარეგნულ მხარეს, რათა გავხადოთ ის უფრო შესაფერისი ყველა ასაკისა და წარმომავლობის ევროპელისთვის", - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.
ევროს ბანკნოტის თანამედროვე დიზაინი დაფუძნებულია "ეპოქისა და სტილის" თემაზე, რომელიც წარმოდგენილია ფანჯრებით, კარის ღიობებითა და ხიდებით.
ექსპერტების აზრით, ევროს ბანკნოტების დიზაინი პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია. მაგალითად, ბანკნოტებზე ცნობილი პოეტების, კომპოზიტორების ან ნაგებობების გამოსახვისას არსებობს რისკი იმისა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფომ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ის საკმარისად არ არის წარმოდგენილი ან დაფასებული.