საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, უკრაინის რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ მოინახულა.
ლიზა იასკომ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის შესაძლო პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
"მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამ სამ დღეში ვნახე, რომ ის სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული. ექიმი არ ვარ და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სახეზე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინის დონე, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ მას ესაჭიროება დასვენება. პროგრესი არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები გრძელდება და ჩნდება ახალი სიმპტომები, რაც ჩემს შეშფოთებას იწვევს", - თქვა ლიზა იასკომ.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, სააკაშვილი კვლავ სუსტადაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადსაღები რჩება და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მკვლელობის ტოლფასი იქნება.
"ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს მისი მკვლელობის ტოლფასია", - დასძინა მან.
როგორც ლიზა იასკო ამბობს, წესების თანახმად, შიმშილობის შემდეგ, თუ ადამიანმა იშიმშილა 50 დღე, მისი რეაბილიტაციისთვის საჭიროა ორჯერ მეტი დღე, ხოლო ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი კვირა გავიდა.
ფოტო: RFE/RL