საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, "რუსთავი 2"-ის ეთერში განმარტა, როდის გაიკეთებს ვაქცინის მეორე დოზას.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზას წლის ბოლომდე გაიკეთებს, თუმცა რომელი ვაქცინა იქნება ეს, კონსულტაციების საფუძველზე გაირკვევა.
"ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი. მე პირველი დოზა გავიკეთე ასტრაზენეკას ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა. თუმცა, შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრებები და იმ პერიოდში, სანამ მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, მე უკვე ვიყავი ინფიცირებული.
მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე საჭირო კონსულტაციები ჩაითვალა, უკვე რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა.
დღეს უკვე ხდება ცნობილი, რომ დასაშვებია, ადამიანები, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი დოზა ფაიზერის ვაქცინის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო და ასევე ბუსტერ დოზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აიცრან ფაიზერის ვაქცინით.
ამიტომ, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე რომ არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე ეს ყველაფერი მეტად უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის,“ - განმარტავს ეკატერინე ტიკარაძე.